- როგორი საკვებია კატისთვის ბუნებრივი?
- იაფი საკვები ცუდია! რატომ?
- ხარისხის შემოწმება: როგორ წავიკითხოთ შემადგენლობა
- როგორ ამოვიცნოთ ცუდი საკვები?
- როგორ ამოვიცნოთ კარგი საკვები?
- რჩევები შერჩევისა და შესყიდვისთვის
- ყურადღება მიაქციეთ კლასს:
- როგორ პროდუქტს მოვერიდოთ:
- დამატებითი განმარტებები
- რატომ ყიდის ვეტერინარი Royal Canin-ს?
- სველი საკვები
- დასკვნა
ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ უშეცდომოდ გაარჩიოთ კატის კარგი საკვები ცუდისგან. გაიგებთ, თუ როგორ წაიკითხოთ საკვების შემადგენლობა შეფუთვაზე და რატომ არის ზოგიერთი ცნობილი ბრენდის საკვები ხშირად არასასურველი არჩევანი.
როგორი საკვებია კატისთვის ბუნებრივი?#
იმის გასაგებად, თუ როგორი უნდა იყოს კარგი საკვები თქვენი კატისთვის, უნდა გავიხსენოთ, რომ კატა მტაცებელია და ბუნებაში ჭამს თაგვებსა და ფრინველებს.
- თაგვის შემადგენლობა: დაახლოებით 65-70% ხორცი და ე.წ. სუბპროდუქტები (ღვიძლი, თირკმელი და ა.შ.).
- დასკვნა: შესაბამისად, მაღალხარისხიანი მშრალი საკვების შემადგენლობაში მინიმუმ 65–70% უნდა იყოს ხორცი და არაფერი სხვა.
იაფი საკვები ცუდია! რატომ?#
საკვები იაფი ღირს იმიტომ, რომ მასში ხორცი ცოტაა ან საერთოდ არ არის. თუ საკვებში ხორცი ცოტაა (მაგალითად, 30%-ზე ქვემოთ), კატა ვერ დანაყრდება. შედეგად:
- ისჭამს უფრო მეტს: კატა იძულებულია ჭამოს 2-3-ჯერ მეტი, რომ მუცელი ამოივსოს. პატრონს ჰგონია, რომ მის კატას მოსწონს ეს საჭმელი და აგრძელებს მის შეძენას.
- ჯანმრთელობის რისკი: რაც მთავარია, ჭარბი მშრალი საკვები და სითხის ნაკლებობა იწვევს შარდკენჭოვან დაავადებას.
- დასკვნა: იაფი საკვების ყიდვით, თქვენ ფულს კი არ ზოგავთ, არამედ ზრდით კატის მომავალი მკურნალობის ხარჯებს. გარდა ამისა, იაფი საკვები, ხშირად უფრო ძვირი ჯდება, რადგან შედარებით სწრაფად თავდება.
ხარისხის შემოწმება: როგორ წავიკითხოთ შემადგენლობა#
საკვების ხარისხის შემოწმება მარტივია. დახედეთ შემადგენლობას. გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საკვების შემადგენლობაში ინგრედიენტები იწერება კლებადობის მიხედვით – თავში ის ინგრედიენტები წერია, რომლებიც საკვებში მეტია.
როგორ ამოვიცნოთ ცუდი საკვები?#
თუ შეფუთვაზე ხედავთ:
- პირველ ადგილზე: მცენარეული ცილა ან მარცვლეული (მაგ. ბრინჯი, სიმინდი). თუ ხორცის კომპონენტი მესამე ან მეოთხე ადგილზეა, ეს ნიშნავს, რომ მისი რაოდენობა კრიტიკულად დაბალია (15%-ის ფარგლებში).
- პროცენტულობა: საერთოდ არ არის მითითებული.
- ზოგადი ტერმინები: წერია “ცხოველური წარმოშობის ცილა” და არა კონკრეტულად “ქათმის ხორცი” ან “ინდაურის ხორცი”.
- განმარტება:“ცხოველური წარმოშობის ცილა” ნიშნავს სასაკლაოების ნარჩენებს (დაცემული ცხოველების ხორცი, ძვლები, კლანჭები, ნისკარტი და ა.შ.), რაც ვერ იქნება მაღალი ხარისხის საკვები.
როგორ ამოვიცნოთ კარგი საკვები?#
- პირველ ადგილზე გარკვევით უნდა იყოს მითითებული ხორცი. მაგალითად, ინდაურის ხორცი, ცხვრის დეჰიდრირებული (ანუ გაუწყლოვნებული) ხორცი.
- ინგრედიენტებისპროცენტულობა მითითებულია ცალსახად და გასაგებად: “ცხვრის ხორცი 22%”, “ინდაურის დეჰიდრირებული ხორცი 20%” და ა.შ.
- შეჯამება: თუ ყველანაირი ხორცის პროცენტების ჯამი არის: 65% და მეტი: საკვები იდეალურია (კლასი “ჰოლისტიკი”); 40-65%: ნორმალურია; 40% და ნაკლები: ცუდია, არ შეიძინოთ.
რჩევები შერჩევისა და შესყიდვისთვის#
ყურადღება მიაქციეთ კლასს:#
- ჰოლისტიკი (Holistic): ეს არის უმაღლესი კლასი (65%+ ხორცი). მოძებნეთ ინტერნეტში: Acana, Grandorf, Carnilove, Farmina N&D.
- სუპერ–პრემიუმი (Super-Premium): ესეც მისაღებია (40-65%-მდე ხორცი), თუ ჰოლისტიკი ძვირია. მოძებნეთ: Brit Care, Hills.
როგორ პროდუქტს მოვერიდოთ:#
ფერადი საკვები: ფერადი გრანულები (წითელი, მწვანე) საღებავებია. ისინი მხოლოდ მომხმარებლის მოსატყუებლად არის განკუთვნილი, რომ მყიდველში ხორცისა და ბოსტნეულის ასოციაცია გამოიწვიოს.
ასაწონი საკვები: შეფუთვის გახსნის შემდეგ საკვები შედის რეაქციაში ჟანგბადთან და იწყებს დაჟანგვას/გაფუჭებას. დიდ ტომრებში ხანგრძლივი დგომისას ის უკვე გაფუჭებულია, ამას ემატება ჰიგიენის პრობლემები (მღრღნელები, ნარევები).
დამატებითი განმარტებები#
რატომ ყიდის ვეტერინარი Royal Canin-ს?#
ეს არ ნიშნავს, რომ ის საუკეთესოა. მიზეზი კომერციულია:
მარკეტინგული პოლიტიკა: Royal Canin-ი ვეტკლინიკებს სთავაზობს ძალიან მომგებიან ხელშეკრულებებსა და დიდ ფასდაკლებებს.
მკურნალობა და გაყიდვა: თუ კატა მკურნალობისას ჭამს Royal-ის სამკურნალო ხაზს, პატრონი ხშირად აგრძელებს ამავე ბრენდის ჩვეულებრივ საკვებს, რადგან ურჩევნია ერთი ბრენდის შენარჩუნება.
ფაქტი: ვეტერინარების უმრავლესობა საკვების შემადგენლობას ღრმად არ შეისწავლის. ისინი ეყრდნობიან მწარმოებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და საკუთარ კომერციულ მოგებას.
სველი საკვები#
სველი საკვები (კონსერვი) კვების თვალსაზრისით არ არის სავალდებულო, რადგან შემადგენლობით ის იგივეა, რაც მშრალი. კატები მას სიამოვნებით ჭამენ, რადგან ძლიერი სუნი აქვს. თუმცა, თუ კატა მხოლოდ მშრალ საკვებს ჭამს, აუცილებელია, რომ ბევრი წყალი დალიოს.
დასკვნა#
თქვენი კატის ჯანმრთელობა იწყება სწორი არჩევანით. ყოველთვის წაიკითხეთ შეფუთვა და უპირატესობა მიანიჭეთ იმ საკვებს, სადაც არაორაზროვნად წერია ხორცი პირველ ადგილზე და მისი სხვადასხვა სახეობების ჯამური წილი 70%-ს უახლოვდება.










