ჩემს კატას, ბუსას მშრალი საკვები მუდამ უდგას თეფშზე. მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. ეს ეწინააღმდეგება ვეტერინარ-დიეტოლოგების გავრცელებულ რეკომენდაციას, რომ საკვები არ უნდა იდგეს მუდმივად და კვება მკაცრი გრაფიკით უნდა მოხდეს (დღეში 2-4-ჯერ).
საქმე ის არის, რომ ნებისმიერი კატა, როგორც მტაცებელი, ბუნებით ასე ჭამს: მივა, წაციცქნის, გაეცლება, ისევ მივა, წაციცქნის, გაეცლება. მისთვის მთავარი კვების განრიგი არ არის, მისთვის მთავარი საკვების ხარისხია. ჩემი ბუსა არ სუქდება, მაგრამ თუ შეხედავთ სხვა პატრონების კატებს, დანახავთ მსუქან, ღიპიან კატებს. მათაც მუდმივად უდგათ საკვები. რითი აიხსნება ეს განსხვავება?
რატომ სუქდება ზოგიერთი კატა?#
როდესაც პატრონები ხედავენ რომ მათი კატა სუქდება, ერთ შეცდომას უშვებენ – ისინი უბრალოდ იღებენ საკვებს. ეს პრობლემას არ შველის.
საკვების აღებით თქვენ ანგრევთ კატის ჯანმრთელობას, რადგან ის ვერ ნაყრდება, ის შიმშილობს.
ბუსას და სხვა კატებს შორის განსხვავების მიზეზი საკვების შემადგენლობაში ხორცის ინგრედიენტების ხარისხშია.
კვებითი დეფიციტის პრობლემა#
- მითი: კატა ჭამს, რადგან მოწყენილია.
- რეალობა: უმეტეს შემთხვევაში, კატა ჭამს, რადგან ის მშიერია.
- მიზეზი: მშრალი საკვები არ არის ნატურალური საკვები. მასში არ არის საკმარისი ხორცის ინგრედიენტები და ენერგია, რომ კატა დიდი ხნით დაანაყროს. კატას მოკლე ნაწლავი აქვს და ამიტომ ხშირად უნდა ჭამოს მცირე ულუფებით.
- შედეგი: თუ საკვებს აიღებთ, თქვენ კატას შიმშილის რეჟიმში აგდებთ, რადგან ის ვერ ნაყრდება.
- დასკვნა: პრობლემა არის არა მუდმივად ხელმისაწვდომი საკვები, არამედ საკვებში შემავალი ხორცის დაბალი ხარისხი ან საერთოდ არარსებობა.
როგორ მუშაობს დაბალი ხარისხის საკვები#
იაფი საკვები შედგება:
- ძალიან ცუდი ხარისხის ხორცის ინგრედიენტებისგან(უმეტესად ნარჩენები).
დიდი რაოდენობით მარცვლეულისგან. - კატის პატარა კუჭი ივსება მარცვლეულით, ის მეტს ვეღარაფერს ჭამს, მაგრამ რჩება მშიერი. გადის დრო, კუჭი ცოტათი თავისუფლდება და კვლავ მიდის საჭმელად. შესაბამისად, ის ხშირად მიდის თეფშთან და ჯამში ჭამს ბევრს, რაც სიმსუქნეს იწვევს.
მაღალი ხარისხის საკვების უპირატესობა#
ბუსაც მიდის თეფშთან, მაგრამ ის ამას შედარებით იშვიათად აკეთებს.
- მიზეზი: მე ვიყენებ მაღალხარისხიან საკვებს, რომელშიც ბევრია ხორცის ინგრედიენტი (65% და მეტი).
- შედეგი: ასეთი საკვები ბუსას სწრაფად ანაყრებს და ენერგიით ავსებს, ამიტომ ის გაცილებით ნაკლებ ულუფას მოიხმარს.
დაბალი ხარისხის საკვების საფრთხე ჯანმრთელობისთვის#
იაფი საკვების ჭარბი მიღება იწვევს სერიოზულ პრობლემებს:
- დეჰიდრატაცია: ვინაიდან კატა მეტ მშრალ საკვებს ჭამს, ეს საკვები იწოვს სითხეს მთელი ორგანიზმიდან (ნაწლავებიდან).
- წყლის ნაკლებობა: კატები ბუნებით უდაბნოს ცხოველები არიან და მოთმინებით იტანენ წყურვილს, ამიტომ ისინი ამის გამო წყლის მიღებას არ ზრდიან.
- შედეგი: რაც მეტ მშრალ საკვებს ჭამს, მით მეტ სითხეს იწოვს ორგანიზმიდან. ეს კი პირდაპირ იწვევს შარდკენჭოვან დაავადებას, ცისტიტსა და სხვა პრობლემებს.
როგორ გამოდის ხარისხიანი საკვები არცთუ ისე ძვირი?#
თუ თქვენი კატა მსუქანია ან ავადმყოფობის რისკის ქვეშაა, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის იაფი საკვების ხარისხიანით ჩანაცვლება.
ასეთდროს ყველაზე დიდი შეცდომა იქნება საკვების შეფასება მისი ფასით.
სწორია საკვების შეფასება დროში გადაანგარიშებით. მაგალითად, 4 ან 6-თვიანი მოხმარების ხარჯით და არა შეფუთვაზე მითითებული ფასით.
თუ ასე დაითვლით, აღმოჩნდება, რომ ძვირი საკვები საბოლოო ჯამში არც ისე ძვირი გიჯდებათ. დიახ, შესაძლოა, ხარჯი მაინც ცოტა მეტი გამოგივიდეთ, მაგრამ განსხვავება იმხელაც არ იქნება, რომ თქვენი კატის ჯანმრთელობის ხარჯზე ეკონომიის გაკეთება ღირდეს.
ნუ გაამართლებთ იაფ საკვებს იმით, რომ არ გაქვთ ხარისხიანი საკვების შეძენის საშუალება. დაითვალეთ, რამდენი გეხარჯებათ 4-6 თვეში იაფ საკვებზე, შემდეგ იყიდეთ ძვირი და შეადარეთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ განსხვავება თითქმის არ იქნება.
თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ განსხვავებას შემდეგ აუცილებლად წამლებსა და კლინიკებში დახარჯავთ.










